“ვურჩევ,”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს“–ხვალიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ დახურული სავალუტო ჯიხურები ხვალიდან იხსნება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ მათი ასეთი ხანგრძლივი დახურვა უგუნურება იყო:

“გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია და ათასობით ადამიანს ასაქმებენ, სერიოზულ კონკურენციას უწევენ კომერციულ ბანკებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრუნვა ბანკებთან შედარებით მიზერულია, მაინც იძულებული გახადეს ისინი მათი გაცვლის კურსისთვის გაეწიათ ანგარიში.

გარდა საკუთარი ”ტრადიციული” კლიენტებისა, ბანკის კლიენტებიც ”ქუჩაში” ახურდავებდნენ ( ახურდავებენ) ფულს. ნაცვლად იმისა, რომ ბანკშივე მოახდინონ ფულის კონვერტირება, გამოაქვთ ნაღდი ფული და ჯიხურებში უკეთესი კურსით ყიდულობენ სასურველ ვალუტას. ამის თავიდან ასაცილებლად მსხვილმა ბანკებმა შემოიღეს პარალელური, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მაქსიმალურად მიახლოებული კუსით კონვერტირება,თუ ეს მოხდება ინტერნეტით ან მობილურით. ამან შეამცირა ბანკებიდან ნაღდი ფულის გადინება, მაგრამ ჯიხურების კურსი მაინც უკეთესია და ბევრი მაინც იქ ამჯობინებს გადაცვლას.

კონკურენცია ისეთ მექანიზმებზეა აგებული, რომ თაგვსაც შეუძლია სპილოს შეშინება. სპილო დიდია და მოუქნელი, ეს კი პატარა და მკვირცხლი.

ამათი დაკეტვა კი უგუნურება იყო. დატოვეს ათასობით ადამიანი უმუშევარად.
სავალუტო პუნქტებს კი ვურჩევ, ხვალ ”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს. არ იქნება ადვილი შემობრუნება, მით უმეტეს მაშინ, როცა არც ”ტურისტული” ვალუტაა ქვეყანაში, არც იმდენი გადმორიცხვები და ხალხმაც მაქსიმალურად შეზღუდა ხარჯვა უფულობისა და ეკონომიის გამო.

გაუჭირდებათ წელს ძალიან, მაგრამ კარგი დროც დადგება.“– თვლის რომან გოცირიძე.