თუ კობიაშვილი, სუბარი ან ქადაგიშვილი ვერ მოიგებს, პოლიტიკიდან წავალ – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე IPSOS-ის კვლევას, რომლის მიხედვით, ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ბოტკოველს ქართული ოცნების წევრებთან შედარებით მაღალი პროცენტული მაჩველებლები აქვთ, ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ამ კანდიდატებიდან რომელიმე არჩევნებში გაიმარჯვებს, ის პოლიტიკიდან წავა.

​”ე.წ. იფსოსის კვლევის მიხედვით თითქოს მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს პირველივე ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი სამი კანდიდატიდან – კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგაშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში – თუ რომელიმე მათგანმა ვერ მოიგო არჩევნები, მე წავალ პოლიტიკიდან”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მაშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა დატოვოს თანამდებობა.

“რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ რომ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ის ამაზე ვერ წამოვა, რადგან მხდალი ადამიანია და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.