ივანიშვილის გუნდი მოძალადე ჯგუფებს მფარველობს – ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს დღემდე სიძულვილისა და შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილის გუნდი მოძალადე ჯგუფებს მფარველობს და პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს.

“დღეს 17 მაისია – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ჩვენს მოქალაქეთა ნაწილს დღემდე სიძულვილის, ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

ყველა წესიერი ადამიანის ვალია, წინ აღუდგეს ძალადობას და დაიცვას თანამოქალაქეთა უფლებები. სამწუხაროდ, დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოახერხა ამ მიმართულებით იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. ხოლო ივანიშვილის გუნდი, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ისე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მფარველობს მოძალადე ჯგუფებს და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს. 2013 წლის 17 მაისის დარბევის დაშვება და მოძალადეთა დაუსჯელობა ამის ნათელი დასტურია.

ამ თემით სპეკულირებისა და ძალადობრივი ჯგუფების შეზღუდვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან მოძალადეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინურია და მათ უკან როგორც პოლიტიკურად ისე ფინანსურად რუსეთი დგას. ყველა დემოკრატიული და ღირსეული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ამოცანაა, გაერთიანდეს როგორც ქვეყნის შიგნით პიროვნული თავისუფლების, ისე მთლიანად საქართველოს თავისუფლების დასაცავად”, – წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.