“ივანიშვილმა ოპოზიციონერების ციხეში წლობით გაშვების დაპირებაც ვერ შეასრულა” – ციხე ოქრუაშვილმაც დატოვა

საპატიმრო გიგი უგულავასთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილმაც დატოვა.

“ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ მრავალ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ”,- თქვა ოქრუაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმებაში, მათ შორის ელჩებს და ევროპარლამენტარებს.

,,მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც იყო ჩვენი გათავისუფლება განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს ქალბატონ დეგნარს და ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ისევე როგორც სენატორ რიშს და ბატონ კუბილიუსს. რომ არა მათი შეფასებები ეს შედეგი არ შესრულდებოდა”,- თქვა ოქრუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ ეს შეთანხმება, არ არის არჩევნების შესახებ ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის შესახებ. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდირებას, მაქსიმალურად ხელი შევუწყო იმას რომ ოპოზიციამ ხელი შეუწყოს იმას რომ ოპოზიციამ მოახერხოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას“,-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.