იმედი გვაქვს, გერმანელი ტურისტები პირველები ესტუმრებიან საქართველოს – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან – თომას ბარაისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. თურნავას ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები განიხილეს.

“გერმანია ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერია ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს. ჩვენ გერმანულ მხარეს გავაცანით საქართველოში არსებული ვითარება და ვუთხარით, რომ მზად ვართ, პირველი ივლისიდან პირველ საერთაშორისო სტუმრებს ვუმასპინძლოთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა წესები და პროტოკოლები ექნებათ ევროპულ ქვეყნებს ტურიზმის დაწყების თვალსაზრისით.

“დარწმუნებული ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული და სტანდარტი – დადგენილი, საქართველო მათ ყველას უკვე პასუხობს. ჩვენ წინსწრებად მივიღეთ გამოცდილება, როგორ დავიცვათ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში უსაფრთხოების სტანდარტები და გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი ვართ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას პიველი ივლისიდან გეგმავს. გახარიას განცხადებით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 72 საათით ადრე  PCR ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული და პასუხი უარყოფითი უნდა იყოს.