კარანტინის გამო მსოფლიოში ათასობით ქალის ცხოვრება კოშმარად იქცა. ისინი ტირანთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი

კორნავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ მსოფლიოში ჯანდაცვის პრობლემები გააშიშვლა, არამედ გენდერული ძალადობაც წაახალისა: მილიონობით ქალი სახლში ტირანთან ერთად აღმოჩნდნენ ჩაკეტილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მიმართ ძალადობა გახშირდა, ისევე როგორც ქალების გარდაცვალების ფაქტები. ასეთი ტენდენცია მკაფიოდ ფიქსირდება ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მაგალითად, მექსიკაში მხოლოდ წლის დასაწყისიდან ოჯახური ძალადობის შედეგად 400 ქალი დაიღუპა.

პრობლემა ის არის, რომ ქალები 24 საათის განმავლობაში საკუთარ აგრესორებთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი. რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად სხვადასხვა ზომები ტარდება. მაგალითად, მკაცრი კარანტინის დროსაც კი ბევრ ქვეყანაში პოლიციაში წასვლა განცხადების დასაწერად სახლიდან გასვლისთვის საპატიო მიზეზად ითვლებოდა. ხშირად აგრესორი პარტნიორები სახლიდანაც მიჰყავდათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ აგრესორთან სადღეღამისოდ გამოკეტილ ქალებს მანევრირებისთვის ნაკლები სივრცე დარჩათ.

გარდა ამისა, ბევრი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია კარანტინის პირობებში ისე აქტიურად ვეღარ მუშაობს. რა თქმა უნდა, არსებობს საგანგებო ცენტრები, საკონსულტაციო და დროებითი განთავსების ცენტრები. ასევე მობილური აპლიკაციები პოლიციის დროულად ინფორმირებისთვის. მაგალითად, თუ ქალს ტელეფონთან წვდომა აქვს, მას შეუძლია ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და დახმარება თხოვოს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ  პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

მან თქვა, რომ მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ.

“ბოლო კვირებში გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგი გადატვირთულია. მოვუწოდებ მთავრობებს, რომ მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. “ — განაცხადა გუტიერეშმა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებშიც კი მოძალადეების სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს და მსხვერპლი ქალების თავშესაფრით უზრნუნველყოფა მთავრობებისთვის გადაუდებელი აუცილებლობა უნდა იყოს.

გაზრდილ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა კარანტინის დროს სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს. მაგალითად,  კანარის კუნძულებზე წამოიწყეს ინიციატივა “სამედიცინო ნიღაბი 19“, რომლის წყალობით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აფთიაქები ჩაერთნენ. თუ ქალი აფთიაქში მიდის და “სამედიცინო ნიღაბ 19“–ს კითხულობს, ფარმაცევტი ვალდებულია მაშინვე პოლიცია გამოიძახოს. ეს ინიციატივა სხვა ავტონომიურ ოლქებზე და ქვეყნებზეც გავრცელდა, მას საფრანგეთშიც იყენებენ. თუმცა პრობლემის მაშტაბი სხვადასხვა ინიციატივების თუ ფონდების შექმნის მიუხედავად არ შემცირებულა.

კარანტინის გამოცხადებისთანავე ბევრმა უფლებადამცველმა დასვა კითხვა: რა უნდა ქნან ქალებმა, რომლებიც აგრესორთან ერთად აღმოჩნდნენ გამოკეტილი.  ისინი ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში დიდი როლი მეზობლებს ეკისრებათ. თუმცა ბევრი ძველი პარადიგმით აგრძელებს ცხოვრებას და ფიქრობს, რომ ოჯახური კონფლიქტები პირადი საქმეა. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად განცხადებით პოლიციას თავად მსხვერპლი მიმართავს, მეორე ადგილზე მსხვერპლის ახლობლები არიან. სრულიად უმნიშვნელო წილი მოდის მესამე პირებზე, რომლებმაც პოლიციას ძალადობის შესახებ შეატყობინეს.