კენჭისყრაზე უმრავლესობამ 80-81 ხმა აიღო, დარბაზში ამდენი დეპუტატი არ ზის – ბეჟაშვილი

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ კენჭყისრაზე უმრავლესობამ 80 ხმა აიღო, თუმცა დაითვალეს და დარბაზში უმრავლესობიდან ამდენი დეპუტატი არ ზის.

ბეჟაშვილი ითხოვს კენჭყისყრის მონაცემებს, რათა გაიგონ, ვინ გამოიყენა სხვისი პულტი.

“ბატონო გია, ვეცადეთ აპარატთან, რომ ამოგვეღო კენჭისყრის შედეგები, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში უმრავლესობას აღებული აქვს 80-81 ხმა, მაგრამ დარბაზში 80 დეპუტატი ნამდვილად არ ზის. ამიტომ გთხოვთ, რომ დაავალოთ აპარატის შესაბამის სამსახურს, მოგვცეს კენჭყისყრის შედეგები, რომ შევძლთ გადამოწმება, ვინ ესწრება დარბაზში და ვინ გამოიყენა სხვისი პულტი. დავითვალეთ და 80 დეპუტატი ნამდვილად არ ზის დარბაზში და მოგვეცით საშუალება, დავითვალოთ”,- მიმართა მან პარლამენტის ვიცესპიკერს, გია ვოლსკის.

ვოლსკიმ მის განცხადებაში ეჭვი შეიტანა და გარეთ გასულ კოლეგებს დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

“რასაკვირველია, შესაბამის მითითებას მივცემ, მაგრამ ფაქტია, რომ ინფორმაცია, რომელიც მე მქონდა, დავითვალეთ დარბაზში საკმაო საფუძველს იძლევა, რომ ეჭვი შევიტანო იმაში, რასაც თქვენ ამბობთ. აპარატს ვთხოვ, მონაცემები გადასცეს. კოლეგებს ვინც გარეთ არის გასული ვთხოვ, ისევ შემოვიდეთ, ვინაიდან, აქ ეჭვის ქვეშ დადგა ჩვენი რაოდენობა”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართა. მათ შორის, პარლამენტმა 80 ხმით 27-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ოცნების კანონპროექტს ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. გარდა ამისა, პარლამენტმა 20 ივნისის საქმეების ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო, მას მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61 კი წინააღმდეგი იყო.