კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს – მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას ედავებიან

ბელორუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრს, ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას ბრალი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედების მუხლით წარუდგინეს.

„გამომძიებლებმა დღეს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რაც ითვალისწინებს მოწოდებებს ისეთი მოქმედებებისკენ, რომელიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ, ჩადენილი მასმედიის ან ინტერნეტის გამოყენებით“ -წერია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მარია კოლესნიკოვას დაკავების შესახებ 8 სექტემბერს გახდა ცნობილი, ის ამჟამად ციხეში იმყოფება.

პოლიტიკოსი მინსკში 7 სექტემბერს გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი თავდაპირველად უცნობი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარია კოლესნიკოვას უკრაინაში დეპორტაცია იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკოსმა პასპორტი დახია, რის გამოც მისი დეპორტაცია ვერ მოხერხდა.

ბელარუსიაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროტესტი არ წყდება. აქციებზე ათი ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.