კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერის” ეთერში.

“ძალიან მკაცრი ჩაკეტვები იყო, ძირითადად, გაზაფხულზე, როცა ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს ინფექცია.  ინფექცია მაშინ უფრო აგრესიული იყო. სიკვდილიანობის პროცენტი, გლობალური მონაცემებით, გაზაფხულზე იყო 7%, მთელ რიგ ქვეყნებში 10-15-19%-იც კი, რადგან ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს. ერთადერთი იარაღი, იმ დროს, მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტვა იყო. დღეს უკვე 8 თვეა გასული. ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა. სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად ჩამოსულია 3.2 %-ზე, 7-დან. ამასთან, თვითონ შეფარდება მსუბუქი შემთხვევებისა საერთო შემთხვევებში სერიოზულად გაიზარდა.გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. კრიტიკული პაციენტების რიცხვი დღეს მთელს მსოფლიოში მხოლოდ 1%-ია, საქართველოში კი დღეს კრიტიკული მხოლოდ 3 ადამიანია, ვინც ხელოვნურ ვენტილაციასა და აპარატზეა. ასევე, ე.წ. მძიმე ავადმყოფების რიცხვი არ არის დიდი. 80-85% არის, ძირითადად, მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.