“ლოკდაუნი” რომ გამოვაცხადოთ, იოლად დავძლევთ ამ სიტუაციას – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თუ საქართველოში “ლოკდაუნი” დაწესდება, გამოწვევების დაძლევა მარტივი იქნება. მისი თქმით, „ლოქდაუნის“ არგამოცხადება გამოწვევების და პრობლემების მასშტაბს ზრდის.

ცერცვაძის შეფასებით, ხელისუფლება ლოკდაუნს ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გამო ჯერჯერობით არ აცხადებს.

„პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამეთუ მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო „ლოქოდაუნის“ მიმართ. ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს და რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ასევე იყო და გრძელდება საარჩენო პროცესი და მას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი”,– ამბობს ცერცვაძე.

ექიმი აღნიშნავს, რომ კარგია, “საქართველომ” მოსახლეობის სურვილი გაითვალისწინა, თუმცა ამან გამოწვევების მასშტაბი გაზარდა.

“„ლოქდაუნით“ ეს შედარებით იოლად იქნებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა „ლოქდაუნი“ და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“ უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.