ლუკა სირაძე გარდაცვალების დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ იყო — საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილი ლუკა სირაძე თვითმკვლელობის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

საიას განცხადებით, ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაავრცელა არასწორი ფაქტები, რითაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას შეეცადა. ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა. დასკვნების თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

მეორე ექსპერტიზის ფარგლებში ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმაც მისცა. ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით”,- აცხადებს საია.

ორგანიზაცია ფიქრობს, რომ მოსიაშვილი საზოგადოებაში ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირებას და ამ გზით საკუთარი კლიენტის ინტერესების დაცვას ცდილობს. საია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოქმედება ეწინააღმდეგება ადვოკატის ეთიკის ნორმებს.

ცნობისთვის, დღეს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგა მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში ანერვიულებული არ ყოფილა და თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედება გახდა.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. ფსიქოლოგიური ზეწოლის გამომ დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.