მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ ოჯახში შეუვარდებიან. მისი თქმით, აპირებს სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდოს.

“ერთ–ერთმა იმ უბნიდან მომწერა, ვიცნობ, ნახეთ, დამოკიდებულება რა არის, მოდი აპატიე და დაივიწყებენ ამ ამბავსო. ხვდებით? ისინი დაივიწყებენ თურმე ამ ამბავს, მე მაპატიებენ. ეგეთი მესიჯიც მომივიდა, რომ ოჯახებში შემოგივარდებიანო… ღია მუქარაა, გადავცემ სამართალდამცველებს. ორმა სხვადასხვა ადამიანმა მოიწერა”,– ამბობს ვახო სანაია მთავარი არხის გადაცემა “მთავარ აქცენტებში”.

ცნობისთვის, 25 თებერვალს ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. სანაიას ტვინის შერყევა დაუდგინდა. სასამართლომ მასზე თავდამსხმელებს, ვაჟა გიგურს, გიორგი სახელაშვილსა და სულიკო საყევარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.