მესმის, რომ დასაჭერია, გეთანხმებით – გომელაური ბადრი ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და ამბობს, რომ მას ადრე თუ გვიან დააკავებენ.

“ბადრი ესებუას თემაზე იმდენი მაქვს ნასაუბრები… მესმის, რომ დასაკავებელია. მანდ იყო ორი მიმართულება – ან უნდა შევსულიყავით და დაგვეწყო ოპერაცია და შეიძლება დაღუპულიყო ადამიანები, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ. მე ავუხსენი პრემიერს, არის სამი ვარიანტი, მითხრა, არანაირი სისხლისღვრა. რომ გამოვიდა ადამიანი [ბანკიდან], ვეცადეთ დაკავებას, როგორ არ ვეცადეთ, გავუშვით და წადი ახლა, მშვიდობაში მოიხმარე, მასე ხომ არ გავუშვებდით…

მისი დაკავება დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად, სამი კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობაში ძებნილი პირი. 12 წელი იყო ძებნაში. არ ვიცი, როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ოპერატიულად რა დონეზე ვართ, სწორი არ იქნება, ბატონ ესებუას მივაწოდოთ ინფორმაცია, ახლა ამ ეტაპზე ვართ, იმ ეტაპზე ვართ, ახლოს ვართ თუ შორს… გეთანხმებით, რომ დასაჭერია, ითხოვთ ამას და სწორიც ბრძანდებით, რომ მოითხოვოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი დაკავება, თუმცა მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად მეც და შინაგან საქმეთა სამინისტროს გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს ძალიან სწრაფად დაკავებული და დასჯილი უმკაცრესად”,- თქვა გომელაურმა.