მე მწამს შინაგანად, რომ მოკლეს და კვალის არევით არიან დაკავებული – ელისაშვილი შაქარაშვილზე

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი შინაგანი რწმენით, გიორგი შაქარაშვილი მოკლეს.

“ყოველ მის ფოტოს ნახვაზე გული მიკვდება. მეც 15 წლის მყავს უფროსი შვილი და წარმომიდგენია მის ოჯახში რა ხდება. 3 კვირაა ხო ლაპარაკობთ იმაზე, თქვე დალოცვილებო, გამოიძიეთ ეს საქმე. ანგელოზივით ბავშვი უცნაურ ვითარებაშია დაკავებული, მოდი, ნუ ვიტყვით მკვლელობას, თუმცა მე მწამს შინაგანად, რომ ის მოკლეს და შემდეგ კვალის არევით არიან დაკავებული. 3 კვირაა რას შვრება მედია, ვეხვეწებით, რომ გააკეთეთ თქვენი საქმე”,– ამბობს ელისაშვილი.

ის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ადვოკატისთვის გადაგზავნის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს “ცალკე ჯოჯოხეთია”.

“დღეს გამაოგნებელი ამბავია. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჰქონდათ შენახული და მერე შემთხვევით გადაუგზავნეს ადვოკატს. ეს კიდევ ცალკე ჯოჯოხეთია. რატო ინახავენ, რა შუაშია საქმესთან”,– ამბობს ელისაშვილი.

მისივე შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლება მავნებელი, არაპროფესიონალი და უკვე მოძალადეა.

“რითი განსხვავდებიან იმათგან?! [წინა მთავრობისგან]. აი, რითი განსხვავდებიან?! განსხვავდებიან იმით, რომ არიან მექრთამეები”,– თქვა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა.