მთავარია, ახლა გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი

ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი პროკურატურის მიერ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და ამბობს, რომ უნდა გაირკვეს, ვინ ჩაწერა “არასრულწლოვანი ბერა”.

“თუ ამ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან, ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. მთავარია, ახლა გაირკვეს ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი. მე ეჭვი მაქვს, რომ როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი, წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, რომელსაც ნაციონალები დაატერორებდნენ”,- აცხადებს წულუკიანი.

საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრების უნებართვო ჩაწერა, გამოყენებასა და გავრცელებაზე დაიწყო.