მთავრობამ 2 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ოცნებას 1.2 მლნ შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაციის “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 2019 წელს 2 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ხელისუფლებას 1,2 მილიონი ლარი შესწირეს.

2019 წელს სსიპ-მა “აწარმოე საქართველოში”, საერთო ჯამში, 22 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, აქედან 7.2 მილიონით – სასტუმროები.

“დაფინანსებული კომპანიებიდან 20 კომპანია ქართული ოცნების ან ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 1,041,000 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 175,000 ლარი”,– წერს ორგანიზაცია განცხადებაში.

დაფინანსებულ საწარმოს შორის არის შპს “კასტა”, რომლის ერთადერთი მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა და რომელმაც 10 ათასამდე ლარი მიიღო. აწარმოე საქართველოშის დაფინანსებულ კომპანიებს შორის ქართული ოცნების მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის კომპანიაცაა, რომელმაც 59,000 ლარი მიიღო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მაკრახიძის საოჯახო კომპანიას შპს “იბოლიას” დღემდე 84 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, 4.3 მილიონი ლარი კი გამარტივებული შესყიდვით მისცეს.