მკაცრი შეზღუდვები საჭირო რომ ყოფილიყო, უკან არ დავიხევდით – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვების საჭიროება არ დამდგარა, თორემ მთავრობა უკან არ დაიხევდა.

ტიკარაძე განმარტავს, რატომ არ წესდება შეზღუდვები ინფიცირებულთა ზრდის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ გაზაფხულზე ბევრად ნაკლები შემთხვევის დროს, კომენდანტის საათი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო გამოცხადებული.

მისი თქმით, “საფრთხე, რა თქმა უნდა, რჩება და საფრთხის სირთულე არ შეცვლილა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიცვალა ცოდნა ამ საფრთხის მიმართ”.

მინისტრის განცხადებით, დღეს ყველა ქვეყანა ერიდება, რომ გამკაცრებისკენ ნაბიჯები გადადგას/

“ვინაიდან, ჩვენ ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება თითოეული ქვეყნისთვის. ჯანდაცვის სისტემაშიც მოხდა გარკვეული ცოდნის დაგროვება. ნებისმიერ ვირუსთან თუ დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ცოდნა, რათა გადაიდგას სწორი ნაბიჯები, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ იკურნებიან პაციენტები და რა მეთოდოლოგიაა ყველაზე გამოყენებადი, ყველაზე ეფექტური იმისთვის, რომ არ გვქონდეს ლეტალური შედეგი” – თქვა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, ხომ არ იყო საჭირო უფრო მკაცრი მიდგომები თუნდაც აჭარასთან მიმართებით, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ – არა.

“მეტად მკაცრი მიდგომების საჭიროება არ დამდგარა, თუ ჩვენ ამას დავინახავდით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ არ დავიხევდით ამ ნაბიჯების გადადგმაზეც უკან, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ დღესდღეობით, მეტად უფრო გამკაცრება საჭირო იყო. ჩვენ გვაქვს კიდევ წინ შემოდგომა-ზამთრის თვეები, როდესაც მოლოდინი გვაქვს სეზონური ვირუსების გავრცელების, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობა მორალურად მზად შეხვდეს მას და ისწავლოს თანაცხოვრება კორონავირუსთან” – თქვა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 179 შემთვხვევა დადასტურდა. ქვეყანაში COVID-19–ის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.