მოძრაობა “სირცხვილიამ“ რურუაზე მომზადებული მთავარი არხის სიუჟეტი გააპროტესტა. რა არ მოეწონათ აქტივისტებს და რატომ მიიღეს მწვავე კრიტიკა

მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს “ახალგაზრდა თანამებრძოლების მილოცვა გიორგი რურუას“ კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. სიუჟეტში მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები გიორგი რურუას დაბადების დღეს ულოცავენ, მასთან ურთიერთობაზე და იმ მხარდაჭერაზე საუბრობენ, რომელიც მთავარი არხის ერთ–ერთმა მეწილემ საპროტესტო მოძრაობას აღმოუჩინა.

სიუჟეტი მთლიანად ინტერვიუებზე და კადრებზეა აწყობილი,თუმცა როგორც გაირკვა, მოძრაობა სირცხვილიას წევრებს ის კონტექსტი არ მოეწონათ, რომელშიც მათი ინტერვიუები აღმოჩნდა. ახალგაზრდა აქტივისტები სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა გიორგი რურუას მხარდაჭერის გამო, რომელიც დღეს დასავლეთის მიერ პოლიტპატიმრად არის აღიარებული, თუმცა რურუას მხარდამჭერებს შეახსენეს, რომ  მისი წარსულის შესახებ არაერთი კითხვა არსებობს. მოძრაობა “სირცხვილიამ“ საკუთარ გვერდზე საღამოს განცხადება გამოაქვეყნა:

“ვეხმაურებით სიუჟეტს, რომელიც დღეს გავიდა “მთავარი არხის” ეთერში. საბოლოო პროდუქტი, რომელიც იხილა საზოგადოებამ არის მოულოდნელობა ყველა მონაწილისთვის, რადგან ფორმატი და კონტექსტი ჩვენთვის სხვაგვარად იყო მოწოდებული. სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს ვიდეოს მონაწილეებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ მზადდებოდა პოლიტპატიმარ გიორგი რურუასთვის დაბადების დღის მისალოცი სიუჟეტი, რომელშიც მონაწილეობას ბევრი ადამიანი იღებდა.

კადრებში, რომლებიც საბოლოო ვიდეოში რატომღაც არ მოხვდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რატომ არ უნდა იჯდეს გიორგი რურუა შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, რატომ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და რატომ არის “პოლიტპატიმარი” ის ტერმინი, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს გიორგი რურუას საქმე.

გარდა ამისა და შაბლონური მილოცვისა, ჟურნალისტი გვესაუბრა გიორგი რურუასთან დაკავშირებულ სხვა თემებზეც, საბოლოოდ კი, მივიღეთ შედეგი, რომელიც აცდენილია მონაწილეების მიზნებს. ხოლო მოძრაობის მიერ გიორგი რურუას მხარდაჭერის მოტივებს ადეკვატურად არ გამოხატავს.

არ გავურბივართ ჩვენს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ პასუხისმგებლობებს, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ თუ ვიდეო მზადდებობდა მხოლოდ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებით და ამგვარი პათოსით, ეს ამბავი წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო ჩვენთან.

თავის მხრივ, ჩვენც უნდა გამოგვეჩინა მეტი წინდახედულება, რომ არ შეგვეტანა ჩვენი წვლილი ბუნდოვანი კონტექსტის სიუჟეტის მომზადებაში. ვფიქრობთ, რომ არასწორი აქცენტების დასმა ბრძოლისთვისაც კონტრპროდუქტიულია, რადგან გიორგი რურუა ვინმესთან მეგობრობის გამო კი არ უნდა გამოუშვან ციხიდან, არამედ იმიტომ, რომ არსებული ბრალდებები არის მოგონილი, პოლიტპატიმრების ყოლა კი ქვეყნის იმიჯისთვის დამანგრეველია. სწორედ ამაზე მიუთითებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და სწორედ ამიტომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაც.

შესაბამისად, ვიღებთ კრიტიკას და ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის.
გმადლობთ.“– ნათქვამია “სირცხვილიას“ განცხადებაში.

ამ განცხადებას არანაკლები კრიტიკა მოჰყვა. მოძრაობის წევრებს ზოგმა უმადურები უწოდა, განცხადებას კი შოკი და “სირცხვილი“.