ნაგვის თავზე დაყრა ჩვეულებრივი ძალადობაა, არ არის გამოხატვის თავისუფლება – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თავზე ნაგვის დაყრა არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ძალადობაა.

“[ნაგვის თავზე დაყრა] არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვებით აზრის გამოხატვას. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა და მე ვარ ძალადობის წინააღმდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი”,– ამბობს ჯაფარიძე.

დღეს დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.

156-ე მუხლი გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ხოლო 239-ე მუხლი ხულიგნობას, ანუ ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით.