ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

კალანდაძე ვარაუდობს, რომ ის  ე.წ კარტოგრაფების საქმის გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. ამის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მირეკავს. არ წყდება ჟურნალისტების ზარები. ამიტომ, ყველას ერთად გიპასუხებთ: ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით დუმს, და როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია…

საინტერესოა, რომ პროკურატურის წარმომადგენელთან საუბრის დასრულებისთანავე, მყისიერად დამიკავშირდა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი და, „გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ კომენტარის გაკეთება მთხოვა. ვკითხე, სად გავრცელდა თქო და სოციალურ ქსელშიო  თქვენი წყარო კონკრეტულად ვინ არის მეთქი და ჩვენი პროდიუსერიო. და იმის წყარო თქო? ოო, ეგ არ ვიციო. მაშინ, თქვენი პროდიუსერის წყაროსთან გადაამოწმეთ მეთქი. როგორ შესაშურ სინქრონში მუშაობს პროკურატურა და მედია, როცა საქმე პოლიტიკურ დაკვეთებს ეხება და როგორი უმწეოა ხელისუფლება ყველგან, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია… ასეა თუ ისე, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!”,– წერს კალანდაძე.