ნიუ-იორკისთვის გასული ღამე ყველაზე მძიმე აღმოჩნდა

შტატ ნიუ-იორკისთვის გასული ღამე ყველაზე მძიმე იყო. განცხადება ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გააკეთა. მისი თქმით გასულ ღამეს ახალი კორონავირუსით 562 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით ეს 23% მატებაა რაც ძალიან შემაშფოთებელია. სულ ნიუ-იორკში ამ დროისთვის დაღუპულია 2935 ადამიანი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მხოლოდ შტატ ნიუ-იორკში კორონავირუსის იმაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა ვიდრე მთლიანად ჩინეთში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 102 863 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში 57 159, რაც ნიშნავს იმას, რომ 24 საათში დადასტურებული დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 350-ით გაიზარდა.

დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი დაახლოებით 80% მკურნალობას სახლში გადის, საავადმყოფოებში მკურნალობენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ასობით ადამიანი ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებებში.

გუშინ ფედერალურმა მთავრობამ ნიუ-იორკს უკვე მიაწოდა დამატებითი 6 მილიონამდე სამედიცინო და რესპირატორული ნიღბები, ასევე 1.4 მილიონი სამედიცინო ხელთათმანი და 4 400 სასუნთქი აპარატი.

ქალაქ ნიუ-იორკში გუშინ დამატებით 200 ფედერალური სასწრაფო დახმარების მანქანაც შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კი უფლება მისცეს გარდაცვალება გააფორმონ.

დღეს ენდრიუ კუომომ თქვა, რომ შტატისთვის დამატებითი სამედიცინო ნივთების შეძენაზე მუშაობა მიმდინარეობს რადგან მიღებული დახმარება და შტატში არსებული შესაძლებლობები საკმარისი არ არის პანდემიასთან საბრძოლველად.

რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ნივთების დამზადების პროცესში სხვადასხვა დიდი ამერიკული კომპანია აქტიურად ჩაერთო. უახლოეს პერიოდში მზად იქნება ათასობით სასუნთქი აპარატი და მილიონობით სამედიცინო ნიღბები.

ნიუ-იორკის შტატში გაიხსნა 8 ახალი საავადმყოფო და ქალაქში შევიდა სამხედრო ხომალდიც. დამატებითი დროებითი საავადმყოფოები და ქალაქში არსებული საავადმყოფოები მთლიანად კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის მომსახურებაზე არიან გადართულები, სამხედრო ხომალდზე კი იმ ადამიანებს მიიღებენ, რომლებიც კორონავირუსით არ არიან დაინფიცირებულები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 266 000 დადასტურებული შემთხვევაა, 45 % შტატ ნიუ-იორკში ფიქსირდება. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით სოციალური დისტანცირების წესები ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.