“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

“ნოვავაქსმა” ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და მისი მრავალი ვარიაციის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტურია.

კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მექსიკიდან 30 000-მდე მოხალისე მონაწილეობდა. კომპანია აცხადებს, რომ ამ მონაცემებით, ის უკვე ამერიკის მარეგულირებელ ორგანოს საგანგებო ავტორიზაციისთვის მიმართავს.

“ნოვავაქსის” მტკიცებით, მათი ვაქცინა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვარიანტების მიმართ 93%-ით ეფექტურია. ცილაზე დაფუძნებული ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა შექმნილი. ამ მეთოდს წლებია სხვა დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ, მათ შორისაა ყივანახველა და ჰერპესული ინფექცია.

კომპანია “ნოვავაქსის” კვლევების ნაწილის დირექტორი გრეგორი გლენი “როიტერთან” საუბარში ამბობს, რომ ცდების პერიოდში მათი კვლევის მონაწილეთა შორის დაფიქსირდა კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტები, რომლებიც პირველად ბრიტანეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, თუ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩნდა. ვაქცინა კი 91 %-ით ეფექტური იყო მძიმე ინფიცირების მაღალი რისკის მქონე მონაწილეებში, საშუალო და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით კი მას 100 %-იანი ეფექტურობა ჰქონდა.

იგივე ვაქცინა დაახლოებით 70 %-ით ეფექტური იყო იმ სხვა ვარიანტების მიმართ, რომლების შესახებაც “ნოვავქსს” ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს. კვლევითი დირექტორის თქმით, უმთავრესი ისაა, რომ ვაქცინა უკიდურესად ეფექტურია ვირუსის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმების მიმართ.

კომპანიის კვლევებისა და ცდების თანახმად, მონაწილეებში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ზოგიერთი მონაწილე უჩიოდა თავის ტკივილს, დაღლილობასა და კუნთების ტკივილს, თუმცა ყველა ეს სიმპტომი მსუბუქი იყო. ამ გვერდით მოვლენებს უფრო მძიმე ფორმებით მხოლოდ მცირე ნაწილი უჩიოდა.

“ნოვავაქსს” 2021 წლის მესამე კვარტალში შეუძლია თვეში 100 მილიონი დოზა აწარმოოს. მეოთხე კვარტალში – წლის ბოლო სამ თვეში კი – 150 მილიონ დოზამდე.

წყარო: ამერიკის ხმა