ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მისი ვიზიტი მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების კუთხით არ უნდა განვიხილოთ.

“მოდით, ნუ შევხედავთ ამ ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით და ნუ განვიხილავთ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში მხოლოდ ვიწრო ჭრილში.

ვიზიტს, რა თქმა უნდა, ექნება ის კომპონენტიც, რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ვითარებას და განხილული იქნება ეს საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა ამ ვიზიტს აქვს იმ საგარეო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება”. – თქვა ბოჭირიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს.

23 თებერვალს შარლ მიშელს ექვსმა ევროპარლამენტარმა წერილით მიმართა და თხოვა, საქართველოში წაახალისოს პრავალპარტიული დიალოგი. ევროპარლამენტარებმა მას მიწერეს, რომ არსებობს რისკი, საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან.