ოპოზიცია ხელისუფლებას ემიგრანტების ჩამოსაყვანად საკარანტინე სივრცეების დამატებისკენ მოუწოდებს

უკვე სამ კვირაზე მეტია ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დასაბრუნებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სთხოვენ, დროულად დაიწყოს მათი საქართველოში დაბრუნების პროცესი.

საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ემიგრანტების დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. მთავრობის არაერთი დაპირებისა და განცხადების მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

ემიგრანტებს პრობლემა აქვთ სპეც.რეისების ავიაბილეთების შეძენასთან დაკავშირებითაც – მათ ნაწილს ბილეთების შეძენის რესურსი აღარ აქვს, ნაწილი კი იმ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ბილეთების ელექტრონულად შეძენას ვერ ახერხებს. ემიგრანტების თქმით, საელჩოები მათ პრობლემის მოგვარებაში არ ეხმარებიან.

ხელისუფლება უარს ამბობს ემიგრანტების დაბრუნების  იმ გეგმაზე, რომელიცნაციონალურმა მოძრაობამ შესთავაზა. ოპოზიცია  ამბობს, რომ აქვს ფინანსური რესურსები და უკვე შემდაგარია მოლაპარაკება  უკრაინულ ავიაკომპანია „skyup”-თან ევროპის ქვეყნებიდან ქართველი ემიგრანტების უფასოდ ჩამოყვანის შესახებ და ხელისუფლებისგან მხოლოდ ნებართვის წერილი უნდა. თუმცა ხელისუფლება არ აპირებს მათ რამე წერილი მისცეს.  გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს შეუძლია ფული კორონავირუსის ფონდში გადარიცხოს.

იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად მისცემს „skyup“-ს რეისების განხორციელების უფლებას, „ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა თანხები ფონდში გადარიცხოს.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქის დაბრუნების გაჭიანურება, ქვეყანაში საკმარისი საკარანტინო სივრცეების არარსებობას უკავშირდება. პარტია ხელისუფლებას საკარანტინე სივრცეების დამატებისკენ მოუწოდებს.

ხელისუფლების განცხადებით, საკარანტინო სივრცეების პრობლემა ქვეყანაში არ არის – ემიგრანტების დასაბრუნებლად კი დღეს მხოლოდ ორი ახალი რეისი, ბარსელონას და ვარშავას მიმართულებები დაამატეს.