პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა – ბადრი ჯაფარიძე ღარიბაშვილზე

“პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა “- პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  გაკეთებული განცხადება “პიარული სვლა იყო”.

“დღემდე რაც ვნახეთ, იყო ის, რომ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტის დამფუძნებლების დევნა, ამისათვის აქტიურად გამოიყენებოდა პროკურატურა. უპრეცედენტო დევნას ჰქონდა ადგილი იმ თვალსაზრისითაც, რომ 75 მილიონი დოლარის მითვისების, ანუ ექსპროპრიაციის მცდელობა არის საქართველოს მთავრობის მხრიდან. ბევრი რამ ვნახეთ, გარდა უპრეცედენტო მხარდაჭერისა, რაზეც საუბრობდა დღეს ღარიბაშვილი.

ეს იყო პიარული განცხადება. რა თქმა უნდა, არანაირი ინვესტორი არ მოვა ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად, როდესაც უკვე ცნობილია, რომ 75 მილიონი დოლარის მითვისების მცდელობას აქვს ადგილი საქართველოს მთავრობის მხრიდან, როდესაც მათ პრაქტიკულად გააუქმეს, შეაჩერეს პროექტის განხორციელება, გააუქმეს ცალმხრივად ხელშეკრულება. ამავდროულად მიმდინარეობს დავა ჟენევასა და ვაშინგტონში”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს  4 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს.