პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა,  „მთავარი არხის“ მეწილიე შეიწყალოს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, ხელს მოაწერს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გამოაცხადა.

”გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით არაერთხელ და ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას.

ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი, უკვე საქმით დავამტკიცე.

მინდა, ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება როგორც არა ერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან.

პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს!

მგონი, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მიიჩნევ – თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებზე და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა.

ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ანუ, ეს ნაბიჯი, ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.

ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს! “- განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.