პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, მე კაბინეტები არ მექნება, ვიქნები ხელმისაწვდომი – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხალხისთვის.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ თუ პრემიერი გახდება, ყველასთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება.

„მე არ ვარ კაბინეტის ადამიანი. კაბინეტი რომ საერთოდ არ მაქვს იცით?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, პრემიერ-მინისტრს პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეს იმ ადამიანებთან, ვისაც უჭირს, უნდა უსმენდეს უმუშევრებს, უნდა ფიქრობდეს ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე, უნდა ფიქრობდეს პენსიონერების იმ მძიმე ყოფაზე, რაც სესხების პროცენტით უღელად დაადეს ისედაც მცირე პენსიის პირობებში, პრემიერ-მინისტრი უნდა მუშაობდეს ახალგაზრდებთან. პირდაპირ გეტყვით, კაბინეტები კი არ მექნება, მე ვიქნები გამჭვირვალე. ხელმისაწვდომი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლი სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ხალხთან ახლოს ყოფილიყო.

„თავიდან კაბინეტი დამხვდა და მქონდა. მერე კი ვიჯექით , აი, ასე [ხალხთან ერთად]. მე მიყვარს ხალხთან ერთად ყოფნა, ყველაფერს კედლებზე ვწერთ, ჩემთან ყველა პროექტი კედლებზეა დაწერილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებენ. ახალი ძალის პრემიერობის კანდიდატი ვაშაძე იქნება.