პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურაში მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს

როგორც ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალებთან ერთად, შეცდომით გადასცეს დაბადების დღეზე მყოფი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. მისივე თქმით, ის საგამოძიებო უწყებაში გუშინ დაიბარეს და ხელწერილი მოსთხოვეს, რათა ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება არ მომხდარიყო.

„იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ ღამის 11 საათზე, გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო – მათივე მოქმედებით მოვხდა ჩვენს კომპიუტერში. განმარტება, რომ შენახვისთვის ადვოკატები პასუხს ვაგებდით სისხლის სამართლის წესით, იყო აბსურდი, ვინაიდან ეს მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებები იყო ჩვენ გაფრთხილებებზე. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, – განაცხადა ადვოკატმა ვახო მამულაშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.