რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაცია გავაჟღერე – ნიკოლაძე

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ამის მიზანი გარკვეული პირების “ტესტირება” იყო.

„რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად გავავრცელე მცდარი ინფორმაცია. მიზანი ის იყო, რომ როდესაც ოჯახის პოზიციის კომენტირების ხარისხი ვიცოდით, იქ ასევე ვიცოდით შესაბამისი რეაგირებები, რა როგორ ხდებოდა, პულსზე გვიდევს ხელი. ამიტომ, რაღაც ეტაპებზე ჩავთვალეთ, რომ ამით შეიძლება, გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო და სათანადო ინფორმაცია მიგვეღო, ამასაც კი ვაკეთებთ, რომ ოღონდ შედეგი იყოს ისეთი, რომ სალაპარაკო არ გახდეს, თითქოს ოჯახს უნდა ვიღაცის განზრახ მკვლელობით დასჯა და ასეთი ფაქტი არ ყოფილა“, -თქვა ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი, იმაზე მაღალი ხარისხით იქნება დადასტურებული ვიდრე დღესაა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება. გამოძიება საქმის განხილვის 1 თვით გადადებას ითხოვს.