რატომ ვერ დაიწყო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმშიც – განათლების მინისტრის განმარტება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, რატომ ვერ დაიწყო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმშიც. ამის შესახებ, მინისტრის მოადგილემ,  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„730 სკოლაში დაიწყო სასწავლო წელი დისტანციური ფორმატით. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად სკოლების მიხედვით, თუ რომელ სკოლაში არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები. აქ პრობლემა ორი მიმართულებით არის. ის, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს საგაკვეთილო ბადის დაორგანიზება და ასევე, ტექნიკური მიმართულებით, რაც არის მაგალითად, ინტერნეტზე წვდომა, ვირტუალური საკლასო ოთახის ორგანიზება. ამ ნაწილში ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ტექნიკური მხარე მუშაობს, რომელიც ამ პროცესს განაახლებს და ხვალ უფრო გამართული დახვდებათ“, – განაცხადა დგებუაძე.

კითხვაზე, ხომ არ დააგვიანეს სკოლებმა ამ კუთხით მომზადება, დგებუაძემ უპასუხა, რომ „სისტემა აწყობილი იყო“.

„ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გაზაფხულის პერიოდში, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, უკვე ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს თავისი ვირტუალური საკლასო ოთახი ჰქონდა. ეს სისტემა აწყობილი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ლიცენზირებული პროგრამა, სადაც ვირტუალურად ხდება საკლასო ოთახში კლასის ორგანიზება. ეს არის უბრალოდ პროცესი, როდესაც სკოლებმა უნდა განაახლონ თავიანთი საკლასო ოთახები. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ამ თვალსაზრისით თუ რაიმე ხარვეზი არსებობდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული ტექნიკური მხარე და ეს ხარვეზი სწორდება“, – აღნიშნა დგებუაძემ.