„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი“– თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა ამბობს, რომ ის პრეპარატმა რემდესივირმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ჩემს შემთხვევაში „რემდესივირმა“ ცალსახად იმოქმედა და გადასხმას რომ ვიკეთებდი, უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც ინტოქსიკაცია მომეხსნა. როგორც ჩანს, ვირუსის რეპლიკაცია დათრგუნა. მე ძალიან მძიმე რისკის ჯგუფს მივეკუთვნები. გარდა იმისა, რომ 70 წელს გადაცილებული ვარ, მაქვს არაჰოჯკინის ლიმფომა, მძიმე იმუნოდეფიციტი და როგორც კი კოვიდი დაიწყო, ჩემი იმუნიტეტი განადგურდა; იმ დონეზე ჩამოვიდა, რაც შიდსით ავადმყოფებს აქვთ და მე რომ „რემდესივირი“ არ დამეწყო, მოვკვდებოდი. „რემდესივირი“ რომ დავიწყე, იმუნიტეტმა მეორე დღესვე დაიწყო გაუმჯობესება და ხუთ დღეში საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მოკლედ, ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი ეფექტი იქნა მიღებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ერთ ადამიანზე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, პრეპარატს მის შემთხვევაში დადებითი შედეგი ჰქონდა.

ცერცვაძე ამბობს, რომ „რემდესივირის“ გამოყენებას მსოფლიოს ლიდერმა ინსტიტუტებმა მისცეს თანხმობა.

„ესეც ჩემს წინააღმდეგ მომართული კამპანია იყო, თენგიზს სწამს „რემდესივირის“, მის შემოტანას ლობირებს, კარგი გაგებითო და აქვეყნებდნენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, რომ „რემდესივირმა“ შედეგი არ მისცა. კი, ბატონო, ჯანმომ-მ უარი თქვა, მაგრამ ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტისთვის თანხმობა მისცა ამერიკის ეფდიეიმ, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და მოდის კანონმდებელია, რომელი წამალი რომელი დაავადების დროს უნდა გამოიყენო. თანხმობა მისცა ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა, რომელიც ამ დარგში მსოფლიო ლიდერია და რომლის ბიუჯეტი 4,5 მილიარდი დოლარია“, – განაცხადა ცერცვაძემ.