რურუას ჩხრეკვისას ამოღებული იარაღი სპეციალურ პაკეტში წესების დაცვით მოთავსდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა გიორგი რურუას ინტერესების დამცველს პასუხობს. უწყების განცხადებით, რურუას ჩხრეკვისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი სპეციალურ პაკეტში ყველა წესის დაცვით მოთავსდა და დაილუქა.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის”,- აცხადებს პროკურატურა.

დღეს სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ რურუას ჩხრეკვისას მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით, რამაც სამართალდამცავებს მასზე დნმ-ის დატანის საშუალება მისცა.