რუსეთი ვალდებულია პასუხები გასცეს კითხვებს, მათ მსოფლიო ელოდება – მერკელი ნავალნიზე

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაგმო.

„ალექსეი ნავალნი გახდა თავდასხმის მსხვერპლი ქიმიურ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების დახმარებით, რომელიც „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდანაა. ეს შხამი უეჭველად აღმოჩენილია ანალიზებში. ამგვარად დასტურდება, რომ ალექსეი ნავალნი გახდა დანაშაულის მსხვერპლი. ის უნდა გაჩუმებულიყო. მე ამას ვგმობ გერმანიის ხელისუფლების სახელით“ , – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისი თქმით, რუსეთის ელჩს გერმანიაში ნავალნისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები ეცნობა.

„ველოდებით, რომ რუსეთის ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს მომხდართან დაკავშირებით. გაჩნდა ძალიან რთული კითხვები, რომლებზეც პასუხი შეუძლია და ვალდებულიცაა გასცეს რუსეთის ხელისუფლებამ“, – განაცხადა მერკელმა .

კანცლერის თქმით, ნავალნის საკითხმა მსოფლიო დაინტერესება გამოიწვია. „მსოფლიო პასუხებს ელის“ ,– თქვა ანგელა მერკელმა.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

მათივე ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა.