რუსთავში ენმ-ს წევრის დაჭრაში ბრალდებული დავაკავეთ – შსს

შსს–მ დააკავა რუსთავში ნაციონალური მოძრაობის დაჭრაში ბრალდებული. მათი ცნობით, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ტ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება”. – აცხადებს უწყება.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.