რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს

რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზურად უმღეროდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს. ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ავრცელებს.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ლეშენკოს ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.

“გუშინ, ლევ ლეშენკო იმყოფებოდა ბათუმში, რესტორან “ასკანელში”, რომელიც სპეციალურად მისთვის დახურეს. დღეს, ლევ ლეშენკო ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფში”. მისი მასპინძლები არიან სასტუმროს მეპატრონე ბიძინა ივანიშვილი, ასევე, პრემიერმინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი, ასევე, კახა კალაძის ფავორიტი პარლამენტში და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი – ბექა ოდიშარია, ეს ხალხი მასპინძლობს დღეს ამ კაცს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რომ უმღერის აფხაზურ ენაზე და ყველგან შესვლა, რომ აკრძალული აქვს, ყირიმის გამო უკრაინაშიც მათ შორის. არც ელარჯია საკმარისი, არც 20 ივნისი, მეტიც, მიზანდასახულად, დემონსტრაციულად ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ეს ქვეყანა ვართ ჩვენ, სადაც ლეშენკო ისვენებს და მას საქართველოს პარლამენტისა და პრემიერმინისტრის ოჯახის წევრები მასპინძლობენ. გამოუშვით ბატონი ლეშენკო, ნომრიდან, როდემდე უნდა გყავდეთ ჩაკეტილი, მაინც გადავიღებთ”, – ამბობს ნიკა გვარამია.