საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებენ. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ,,კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგო რატიანისა და ,,დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, ლევან კობერიძის აზრით, ცვლილება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, პანდემია მზარდი იქნება და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხეს შეუქმნის.

დეპუტატის თქმით, თუ ვინმეს კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.