საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ,  ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. მისი თქმით დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ მუშაობის, რაც გასწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და საკითხში ჩართულმა ყველა უწყებამ. ხვალ ათავისუფლებენ, ამას ვგულისხმობდი პოზიტიურ სიგნალში. გრძელდება მუშაობა, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც სამწუხაროდ, აქტიურ ფაზაში იყო შესული ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე“, – განაცხადა ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.