“სტიკერები უნდა გქონდეს გამოკრულიო” – რატომ დააჯარიმეს 16 კაფე 10 000 ლარით

ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო ორ დღეში 26 კაფე შეამოწმა და საიდანაც 16 კაფე 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებულ კაფეებს შორის არიან ფაბრიკის სივრცეში განლაგებული კაფეებიც : თონე, მულენი და სამაგიდო თამაშების კლუბი წიბახა.

როგორც მათი მენეჯერები და დამფუძნებლები ამბობენ, მიზეზი უსამართლოა, შესაძლოა, ამან ბიზნესების გაკოტრებაც გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

“დაგვაჯარიმეს, რადგან დეზობარიერთან არ გვქონდა გაკრული სტიკერი, რომ აქ სტუმრებმა ფეხები უნდა გაიწმინდონ. არ ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკრა. ასევე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა გვაქვს, ჭურჭელი ირეცხება 78 გრადუსზე, თუმცა, მანქანასთან არ გვქონდა გაკრული ინსტრუქცია. ალბათ იმისთვის არის საჭირო, რომ ჭურჭლის მრეცხავმა წაიკითხოს. არ ვაპროტესტებთ, არ ვამბობთ, რომ ეს სტიკერები არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ჯარიმა უსამართლოა. ხელთათმანი, პირბადე, აღჭურვილობა, დეზობარიერის სითხე, დეზობარიერები. მაგიდის გადაწმენდის წესები – ყველაფერი დაცული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით დაუშვეს სტუმრის მიღება, მხოლოდ გარე კაფეში ვემსახურებით, ჩვენი და სტუმრების უსაფრთხოებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე სტიკერის გამო რომ დაგაჯარიმებენ, ნამდვილად უსამართლობაა”. – ამბობს  თონეს მენეჯერი, ნატო მახალდიანი “ტაბულასთან” საუბარში.

ნატო მახალდიანი ამბობს, რომ კაფეში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია დაცულია და ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს კაფე მულენიც, რომელსაც ასევე 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

“ისეთი ბერკეტები აქვთ, შეიძლება საჩივარმა შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ აუცილებლად გავასაჩივრებთ”. – გვეუბნება მისი მენეჯერი, ნიკა ბახტაძე.

მულენიც დეზობარიერთან სტიკერის არარსებობის გამო დააჯარიმეს.

როგორც ამბობს, მულენს არ აქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თუმცა, აქვთ 3 ნიჟარა, რაც სტანდარტებს შეესაბამება. ჯანდაცვის უწყება წყლის ტემპერატურაზე ედავება.

“რადგან არ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, როგორ ზომავთ, რამდენ გრადუსზე რეცხავთო. ასევე, გვითხრეს, არ გაქვთ გამოკრული ჭურჭლის რეცხვის ინსტრუქციის სტიკერიო”.

ბახტაძის თქმით, მულენი მუშაობას კარანტინის დროსაც აგრძელებდა მიტანის სერვისის გამოყენებით.

“ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, უწყებას დავკავშირებოდით და ინსტრუქციები მიგვეღო. ცხელ ხაზზე დარეკვა საერთოდ შეუძლებელი იყო. არავინ მოსულა. დღეს მოვედით და დაგვხვდა დოკუმენტები, რომ დაგვაჯარიმეს. იმის შანსიც არ გვქონია, რომ თავი გვემართლებინა, ან გამოსწორების შანსი გვქონოდა. პარასკევს იყვნენ მოსულები და მე თვითონ ვუთხარი, რომ ყველანაირ შენიშვნას გავითვალისწინებდი, მაგრამ უშედეგოდ”.

დაჯარიმდა სამაგიდო თამაშების კლუბი წიბახაც.

წიბახას თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგის დამადასტურებელი ფურცელი მოსთხოვეს, რომელზეც თანამშრომლების ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ასახული.

“უნდა გქონდეს ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ ტრენინგი ჩაუტარდათო. მე ვუთხარი, ამ დოკუმენტის ქონის ვალდებულებაზე არსად წერია-მეთქი. სიტყვაზე ხომ არ გენდობით, ე. ი. არ ჩაგიტარებიათო და დაგვაჯარიმეს. ამობეჭდილი ფურცლის შესახებ იყო საუბარი – ჩვენი დაჯარიმების დავალება ჰქონდათ და შეასრულეს”. – გვეუბნება გიგა წიბახაშვილი.

ჯანდაცვის უწყებას სტიკერები არც წიბახასთან დავიწყებია.

“მაჩვენეს ჩამონათვალი, ეს სტიკერები უნდა გქონდეს გამოკრულიო. ვკითხე, სად უნდა მენახა-მეთქი. საიტზეო. საიდან უნდა გამეგო ამ საიტის შესახებ – დოკუმენტში, რომლითაც ვხელმძღვანელობ, საიტი ნახსენები არ არის. ტელევიზორს არ უყურებო? – არა-მეთქი და არც ვალდებული ვარ, ვუყურებდე. ფურცლის გამო ვინ შეიქმნის პრობლემას, როცა სხვა საკითხები მოაგვარა, რომ გვცოდნოდა, რომ საჭირო იყო, ამასაც მოვაგვარებდით, ამოვბეჭდავდით პრინტერზე”. – ამბობს წიბახაშვილი ტაბულასთან.

მისივე თქმით, სასამართლოსაც აუცილებლად მიმართავს, ვინაიდან 10 000-ლარიანი ჯარიმა გაბანკროტებას ნიშნავს.

“წინა 2 თვეც არ ვმუშაობდით, შემოსავალი არ გვქონია, ახლა გავიხსენით და ნელ-ნელა ვიწყებდით, ამოქაჩვას ვცდილობდით, ძალიან ცუდი სიტუაციაა და ახლა არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ჯარიმა გადავიხადოთ”. – ამბობს გიგა წიბახაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ბოლო ორ დღეში გამოწერილმა ჯარიმების ოდენობა 160 000 ლარია.

21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პოლიციამ სულ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა.

მოცემულ პერიოდში კომენდანტის საათის და/ან საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის 7 444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე – 15 000 ლარს შეადგენს.

წყარო: ტაბულა