უბედურების ზონა: ამონიუმის ნიტრატი, რომელმაც დამანგრეველი აფეთქება გამოიწვია ბეირუთში ბათუმის პორტიდან მოხვდა

ბოლო ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 135 ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 5  000–მა ადამიანი დაიჭრა. ქალაქის რამდენიმე კვარტალი სრულიად დანგრეულია. ხელისუფლების განცხადებით აფეთქდა ამონიუმის ნიტრატის დიდი პარტია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე პორტში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ  გაიზარდოს, რადგან შენობების ნანგრევებში კვლავ რჩებიან ადამიანები. მაშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ბეირუთის გუბერნატომა, მარვან აბუდმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში აფეთქების შედეგად მიღებული ზარალი 10–15 მილიარდ დოლარად შეაფასა. მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს ბეირუთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება. ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა.

ოთხშაბათს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა შინაპატიმრობა მოითხოვოს პორტის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც პასუხს აგებდნენ საშიში მასალების შენახვაზე. მათ დაპატიმრებას არმიის ძალები უზრუნველყოფენ.

როიტერის წყაროს ინფორმაციით, რომელიც პირველადი გამოძიების მიმდინარეობას იცნობს, აფეთქების მიზეზი შესაძლოა დაუდევრობა და წლების მანძილზე ხელისუფლების უმოქმედობა გამხდარიყო.

მისი თქმით, რამდენიმე კომიტეტმა და მოსამართლემ განიხილა ტვირთის შეძენის უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვას უკავშირდებოდა, თუმცა საშიში მასალის უტილიზაციის ან გადატანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არაფერი გაკეთდა.

აფეთქებამ სასურსათო კრიზისის საფრთხეც გააჩინა: ლიბანი კვების პროდუქტების უმრავლესობის იმპორტს ეწევა, დანგრეული პორტის რამდენიმე საწყობში კი მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგები ინახებოდა. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აფეთქებას გადარჩენილი მარცვლეული საკვებად უვარგისია.

აფეთქების მრავალმა მოწმემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა კადრები, სადაც პორტის თავზე ჯერ კვამლის სვეტი ჩანს, შემდეგ კი უძლიერესი აფეთქება ხდება. ამის შემდეგ ქალაქის თავზე სოკოს ფორმის კვამლის ღრუბელი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ მრავალი შენობა დაანგრია პორტიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში და ავტომობილები ჰაერში აისროლა.

დიდი ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის სპეციალისტების შეფასებით აფეთქების სიმძლავრე ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრის მეათედს შეესაბამება, რომელიც იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჩამოაგდეს. მათი თქმით ეს არის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი არაბირთვული აფეთქება.

პორტში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ქიმიკატია, რომელიც სასუქადაც გამოიყენება და ასაფეთქებელ ნივთიერებადაც. აფეთქდა 2.75 ტონა ქიმიკატი. ზუსტად ამდენი ამიატის ნიტრატი შევიდა ლიბანში გემით, რომელიც რუს იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა. ნივთიერება პორტის საწყობში უტილიზაციის მოლოდინში 2014 წლიდან ინახებოდა. ლიბანის არხმა  LBCI–მ განაცხადა, რომ სწორედ ამ ტვირთზე, როგორც აფეთქების წყაროზე იყო საუბარი ლიბანის თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე.

ტვირთის ისტორიაზე და გემის რუს მფლობელზე ისაუბრა მედიასთან ინტერვიუში გემის ყოფილმა კაპიტანმა ბორის პროკოშევმა.

მისი თქმით, გემი ქიმიკატით, რომელიც რუ სიგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა, ბეირუთის პორტში 2014 წელს დააპატიმრეს პორტის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო.

იმის შესახებ, რომ გემი სახელად Rhosus ამონიუმის ნიტრატის 2750 ტონით ბეირუთის პორტში დააკავეს, 2015 წელს ვებგვერდი  shiparrested.com წერდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ მოლდოვას დროშით მცურავი გემი საქართველოს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიემართებოდა, თუმცა 2013 წლის სექტემბერში ბორტზე გაუმართაობის გამო ბეირუთში დაუგეგმავად გაჩერდა.

უბედურების ზონა:

ლიბანის წითელი ჯვრის განცხადებით ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ 66 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ხელისუფლებამ უფლება მიიღო უბედურების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არმია გამოიყენოს.

გაერო აცხადებს, რომ აფეთების შედეგად დაზიანდა ლიბანში მისი სამშვიდობო მისიის სამხედრო გემი, დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. დაშავებულია გერმანიის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელიც.

რა არის ამონიუმის ნიტრატი:

ამონიუმის ნიტრატი ფართოდ გამოიყენება როგორც აზოტის სასუქი, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერება.

ის განსაკუთრებით ფეთქებადსაშიშია ცეცხლთან და აალებად მასალებთან კონტაქტში. ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემდეგ ატმოსფეროში შეიძლება ტოქსიკური გაზები გამოიყოს, მათ შორის აზოტის ოქსიდები და ამიაკი.

ამ ნივთიერების შენახვისთვის მკაცრი მოთხოვნები არსებობს. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით შენობა, სადაც ის ინახება ცეცხლმედეგი უნდა იყოს, აკრძალულია მილების, გამწოვი არხების ან სხვა ტიპის გაყვანილობის დამონტაჟება, სადაც შეიძლება ფეთქებადსაშიში ნივთიერება დაგროვდეს.

კონტექსტი:

პარასკევს გაეროს ტრიბუნალს უნდა გამოეცხადებინა ოთხი მამაკაცის ვერდიქტი, რომლებსაც დაუსწრებლად დასდეს ბრალი ქვეყნის პრემიერ მინისტრის, რაფიკ ხარირის და კიდევ 21 ადამიანის მკვლელობაში. ხარირი 2005 წელს დაჯავშნული ავტომობილის ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ოთხშაბათს გაირკვა, რომ ვერდიქტის გამოცხადება 18 აგვისტოსთვის გადაიდო. სასამართლოში განაცხადეს, რომ  გადაწყვეტილება აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს.

ხარირის აფეთქებაში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ მოძრაობა ჰეზბოლას ადანაშაულებდნენ. სწორედ მისი წევრია ოთხივე ბრალდებული. თუმცა ჰესბოლა ყველა ბრალდებას უარყოფდა.

ლიბანი ბოლო თვეებში მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა. ქუჩებში არ ცხრება ანტისახელისუფლო დემონსტრაციები რეფორმების და ცვლილებების მოთხოვნით. ქვეყანაში ხშირად ითიშება ელექტროენერგია, არასაკმარისია სასმელი წყალი, სამედიცინო სამსახურები მძიმე მდგომარეობაშია.

გარდა ამისა, ბოლო დროს გართულდა სიტუაცია ლიბანის და ისრაელის საზღვარზეც. ისრაელის ხელისუფლებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ აღკვეთეს ჰესბოლას წევრების მცდელობა ისრაელის ტერიტორიაზე შეეღწიათ.