უგულავა ვაშაძეზე: ქიმიოთერაპიული გზა აირჩია, რომ ნაცსხეულიდან თავი ამოიკვეთოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ლეგიტიმური უფლება აქვს, ნაციონალურ მოძრაობაზე ნაწყენი იყოს, თუმცა ის “ქიმიოთერაპიული მეთოდით” ენმ–დან თავის ამოკვეთას ცდილობს.

“მასაც აქვს უფლება თავისი იდენტობა გამოკვეთოს, თუმცა მას აქვს ქიმიოთერაპიული გზა არჩეული, რომ ერთიანი დიდი „ნაცსხეულიდან“ ქიმიოთერაპიული მეთოდით ამოიკვეთოს თავისი თავი, ეს მას დააზიანებს, ეს არ არის ის მომენტი…

გასაგებია, როდესაც დიდი პოლიტიკური სხეულის ნაწილი ხარ და შემდეგ გინდა ცალკე მოთამაშედ ჩამოყალიბდე, მუდმივად გაწუხებს ის „ბრენდი“. ის შენ აბსორბაციას გიკეთებს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის”,– ამბობს უგულავა პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე აზრით, “ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეკოწიწდება”.

“იქით ფლანგზე გახარია და ახალი მოთამაშეები არიან. მაშინ, მესამე ძალა უნდა იყოს ყველა სხვა დანარჩენი, ვინც არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არ მოხდება. თეორიულად შეიძლება ლამაზად ჟღერდეს, თუმცა დაიზიანებს თავს და ღამურასავით აღმოჩნდება. ვინც განხიბლულია „ოცნებიდან“ გახარია და ვასაძე შეაკავებს, ის აქეთ არ გადმოვა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.