უნგრეთში ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანა კონსტიტუციით აეკრძალათ

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არსებითად კრძალავს ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ შვილის აყვანას. კანონპროექტი პარლამენტს პრემიერ ორბანის მთავრობამ შესთავაზა. ახალი წესების მიხედვით ბავშვის შვილად აყვანა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლდ ბავშვის მარტოხელა ნათესავი.

უნგრეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება აკრძალულია, თუმცა აქამდე კანონის გვერდის ავლა შესაძლებელი იყო, თუ შვილად აყვანის დოკუმენტებს ერთ–ერთი პარტნიორი შეიტანდა.

ვიქტორ ორბანი

2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვიქტორ ორბანმა კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებები შეიტანა. გუშინ მიღებული ერთ–ერთი ცვლილება ოჯახის განსაზღვრებასაც შეიცავს, რომელიც დაფუძნებულია ქორწინებაზე და მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობაზე, სადაც დედა – ქალია, მამა კი კაცი.

ერთნაირსქესიანი წყვილები ამიერიდან ბავშვის აყვანას ვეღარ შეძლებენ, თუნდაც რომელიმე მათგანმა განაცხადი შეიტანოს, როგორც მარტოხელა ადამიანმა.

“მთავარი წესი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ დაქორწინებულ წყვილს შეუძლია ბავშვის აყვანა, ანუ ქალს და კაცს, რომლებიც დაქორწინებულები არიან“– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგამ.

მარტოხელა ადამიანებს ამიერიდან ხელისუფლების სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ შვილად აყვანის პროცესის დასაწყებად. კანონმდებლებმა კონსტიტუციაში ასევე ჩაწერეს, რომ ბავშვი აუცილებლად კონსერვატიულად უნდა იზრდებოდეს.

“უნგრეთი იცავს ბავშვების თვითგამორკვევის უფლებას სქესის შესაბამისად, რომლითაც ისინი დაიბადნენ და უზრუნველყოფს მათ აღზრდას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური იდენტობის და ფასეულობების საფუძველზე, რომლებიც ჩვენს ქრისტიანულ კულტურას ეფუძნება“ – ნათქვამია დოკუმენტში.

უნგრეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცვლილებები დასავლეთში მიმდინარე იდეოლოგიური პროცესების გამო გახდა საჭირო, რითაც გაჩნდა აუცილებლობა “ბავშვები შესაძლო იდეოლოგიური და ბიოლოგიური ჩარევებისგან“ დაიცვან.

როგორი იყო რეაქცია?

უფლებადამცველი ორგანიზაციები ახალ წესებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათ უნგრეთში არსებული არაკეთილგანწყობილი კლიმატის გამო მათ არა მხოლოდ ზრდასრული ტრანსგენდერების, არამედ ტრანსგენდერი ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაც აწუხებთ.

გასულ კვირას ევროკავშირი მოელაპარაკა უნგეთს და პოლონეთს, რათა მათ ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტს ვეტო არ დაადონ. ორივე ქვეყანა თვლის, რომ მათ თავს ახვევენ ლიბერალურ ღირებულებებს.