ქალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თითქოს 10 ბავშვი გააჩინა და რეკორდი დაამყარა სინამდვილეში ფეხმძიმედ არც ყოფილა

სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელიც ამტკიცებდა  რომ 10 შვილი გააჩინა და ამგვარად მსოფლიო რეკორდი მოხსნა, სინამდვილეში ფეხმძიმედაც კი არ ყოფილა. ამ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკული პროვინცია გუატენგის ხელისუფლება ავრცელებს.

ივნისის დასაწყისში მასმედიის რამდენიმე საშუალებამ, მათ შორის ბიბისი–მ დაწერა, რომ 37 წლის გასიამე ტამარა სიტჰოლემ  პრეტორიის საავადმყოფოში საკეისრო კვეთით ათი შვილი გააჩინა.

ამის შემდეგ რეგიონული ხელისუფლება ცდილობდა დაედგინა რა მოხდა კონკრეტულად, საკუთარი გამოძიების შედეგები კი გუშინ გამოაქვეყნა.

“ექიმებმა გაარკვიეს, რომ სიტჰოლეს ბოლო დროს შვილები არ გაუჩენია. გარდა ამისა, დადგინდა რომ ბოლო პერიოდში ის ფეხმძიმედ საერთოდ არ ყოფილა“– ნათქვამია გუატენგის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

სამხრეთ აფრიკული საიტი, Times LIVE წერს, რომ ადგილობრივი სპეციალისტები სიტჰოლეს ფსიქიური მდგომარეობით შეშფოთებულნი იყვნენ და 18 ივნისს ის საავადმყოფოში გაგზავნეს.

“თავიდან სამკურნალო დაწესებულებაში 72 საათი უნდა გაეტარებინა, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონის შესაბამისად, ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია საავადმყოფოში მისი კიდევ 7 დღით დატოვების შესახებ დაკვირვების მიზნით“ – აცხადებს გუატენგის ადმინისტრაცია.

დასავლური მედიის ინფორმაციით ქალის ადვოკატი ამბობს, რომ ის საავადმყოფოში ნების საწინააღმდეგოდ ყავთ გამოკეტილი და  სასამართლოს მიმართავს მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ, რომლებიც ქალის “ფეხმძიმობის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, გამოაქვეყნა მისი ფოტოები დიდი მუცლით. იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ამ ფოტოების გადაღება არაფერია ცნობილი.

ლონდონური გამოცემა  i– სინფორმაციით ბავშვების ეგრეთწოდებული მამის, ტებოგო ცოტეცის ოჯახმა გასულ კვირას თქვა, რომ მას ათი ბავშვი არ უნახავს და მხოლოდ მეგობარი ქალის სიტყვებს დაუჯერა, რომელმაც დაურეკა და ბავშვების დაბადება შეატყობინა.

“ის რამდენჯერმე ცდილობდა თავისი მეგობარი ქალი და ახალშობილები მოენახულებინა, თუმცა ქალი უარს ამბობდა საკუთარი ადგილმდებარეობისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაემხილა. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სანამ დამადასტურებელი ფაქტები არ ექნებოდა, ბავშვების დაბადება არ დაეჯერებინა“– ნათქვამია ინფორმაციაში.

ლონდონური გამოცემა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ციტირებს, რომელიც ისტორიის გარემოებებს სწავლობდა. “ჩვენი წინასწარი მოკვლევის შედეგებმა კვლავ დაადასტურა, რომ სტივ ბიკოს საავადმყოფოში არავითარი 10 ბავშვი არ დაბადებულა. ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ ეს სამედიცინო დაწესებულება ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა ათი ბავშვის დაბადებას, რადგან იქ ტყუპების დაბადებისთვისაც კი არ არიან მზად.“ – აცხადებს სამინისტრო.

გარდა ამისა, გუატენგის ხელისუფლება აპირებს სასამართლოში უჩივლოს საიტ Pretoria News–ის რედაქტორს, პიეტრამპედის, რომელმაც “ათი ახალშობილის“ შესახებ დაწერა, ასევე საიტის მფლობელ კომპანიას. გამოცემა ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად ბავშვები მართლაც დაიბადნენ, ხელისუფლება კი ამ ფაქტს სამედიცინო დაუდევრობის დასაფარად უარყოფდა.

“მსგავსი მტკიცებები ცრუა, უსაფუძვლო და მიმართულია მხოლოდ სტივ ბიკოს და გაუტენგის პროვინციის მმართველობის რეპუტაციის შესალახად“ – ნათქვამია რეგიონული ადმინისტრაციის განცხადებაში.

მაისში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ახალი რეკორდის შესახებ ბავშვების რაოდენობის თვალსაზრისით, რომლებიც ერთი მშობიარობის დროს ერთმა ქალმა გააჩინა. ეს იყო მალის მაცხოვრებელი ქალი ხალიმა სისე, რომელმაც მაროკოში 9 ბავშვი გააჩინა.

ჯერჯერობით ეს სიახლე გინესის რეკორდების წიგნში ასახული არ არის და რეკორდი კვლავ ამერიკელ ქალს, ნადე სულემანს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს 8 შვილი გააჩინა. ეს ბავშვები ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად ჩაისახნენ.