შეიძლება ხელისუფლება ზრუნავს, ეკლესიას დაუბრუნოს დიდება – მეუფე გრიგოლი ტყის კოდექსზე

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ტყის კოდექსში ცვლილებებზე ამბობს, რომ  შეიძლება ხელისუფლება ამით ცდილობს, რომ ეკლესიას დაუბრუნდეს თავისი დიდება.

,,შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, გამოიყენებს ეკლესია ბიზნესში, კიდევ ვამბობ, მე ამის სპეციალისტი არ ვარ. შეიძლება, ხელისუფლება უფრო ზრუნავს, რომ დაუბრუნოს, დაუბრუნდეს ეკლესიას დიდება. შეიძლება, ეს კიდევ ერთი ზრუნვაა იმისთვის, რომ დარჩეს ჩვენს ერს, ჩვენს მომავალს ხე-ტყე”,- ამბობს მიტროპოლიტი.

მისი თქმით, ეკლესია ხე-ტყეს ანარჩუნებს და ამრავლებს.

“ჩვენ ვიმყოფებით მარტვილის მონასტერში, რომელიც მერვე საუკუნიდან არსებობს. თქვენ ხედავთ, როგორი ულამაზესი ადგილია, როგორ ინარჩუნებს ეკლესია ხე და ტყეს. არა მარტო ინარჩუნებს, პირიქით, ამრავლებს”, – ამბობს მეუფე გრიგოლი.

პარლამენტმა 22 მაისს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.