შეკავება აღარ მოხდება ჩაკეტვით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით – ამირან გამყრელიძე

„ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც გაზაფხულზე დააწესა საქართველოს მთავრობამ. მისივე თქმით, ახლა საზოგადოება უნდა შეეჩვიოს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას და დაიცვას ყველა მთავარი რეკომენდაცია.

„ქვეყანაში იზრდება შემთხვევების რაოდენობა. პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარების და დიდი რაოდენობის ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა. ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან იქ იყო კონცენტრაცია დიდი რაოდენობით მოსახლეობის და არ ხდებოდა იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მუდმივად ვაჟღერებთ. ძირითადი რეკომენდაციების არდაცვამ მოგვიტანა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტროლს ექვემდებარება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე, ანუ ჩაკეტვით, იზოლირებით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, იმიტომ, რომ ახლა სლოგანი გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას. კორონავირუსი არ ქრება ერთ დღეში, ერთ თვეში და რამდენიმე თვეში, ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება მინიმუმ ერთი წელიწადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.