შესაძლოა გერმანიაში 10-ჯერ მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული

გერმანელი მეცნიერები, ბონის უნივერსიტეტიდან ჩატარებული კვლევის შემდეგ აცხადებენ, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ეს ოფიციალურ მაჩვენებლებში ფიქსირდება. დაინფიცირებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ რაოდენობაზე სავარაუდოდ ათჯერ მეტია.

მეცნიერებმა კვლევა გერმანიის იმ რაიონებში ჩაატარეს, სადაც ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. კვლევის მიზანი კორონავირუსის უცნობი მატარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეალური სურათის დანახვა, ანუ იმის დადგენა იყო, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ქვეყანაში ვირუსი უსიმპტომოდ.

მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ჰენდრიკ სტრიკი ხელმძღვანელობს დაადგინა, რომ კოვიდ19-ით გერმანიაში 1.8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და არა 160 000.

მეცნიერთა კვლევაში მონაწილეობა 919 ადამიანმა მიიღო. აღებული იყო როგორც სისხლის ასევე ცხვირის ნაცხის მონაცემები. კვლევა ჩატარდა სასაზღვრო ქალაქ ჰეინსბერგში, რომელიც ახალი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქია გერმანიაში.

ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურად 166 000 დაინფიცირებულია. გარდაიცვალა 6993.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში მუზეუმები, სილამაზის სალონები, ეკლესიები და ქარხნები მკაცრი სოციალური დისტანცირების დაცვით თუმცა მაინც გაიხსნა.