შესაძლოა საკუთარ ავტომობილში მოწევა აგეკრძალოთ

შესაძლოა, მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ ისაუბრა.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სრული მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ კანონს თუ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს – როგორც თამბაქოს მოხმარებას, ისე პასიურ მოხმარებას. მეტიც, ცენტრი მუშაობს ამ კანონებზე. გამოკვლევაც გვაქვს ჩატარებული და მათ შორის მწეველი მოსახლეობაც მომხრეა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება. ჩვენ, ჯანდაცვის სისტემა და ალბათ, ჯანდაცვის კომიტეტიც ძალას არ დავიშურებთ, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს და ჯეროვნად აღსრულდეს, – ამბობს სტურუა.

ავტომობილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში მოხვდა.

დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს გააძლიერებს.