ჩემი კანდიდატურა ჯერ არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე – ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად საკუთარი თავი არ დაუყენებია, არამედ, ეს იყო კონკრეტული პირების მოსაზრებები.

“გუშინ ძალიან გამიკვირდა ეს რადიკალური განცხადებები. მე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო ადამიანების გარკვეული მოსაზრებები. ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ასეთი განცხადებებით დისონანსს ვერ შიტანთ ჩვენს ერთიანობაში. ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშიას,პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც. ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებს. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს, ჩვენს მტერს უნდა”,- თქვა გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, პრემიერობის კანდიდატურაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დაყენებაზე თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უარყო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ ყოფილა განხილული არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში განიხილება”, — თქვა უდუმაშვილმა.