ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესს, რათა ახალი პროექტების დაფინანსებას ხელი შევუწყოთ.

„მინდა, გამოვეხმაურო საქსტატის მაჩვენებლებს. მოგეხსენებათ, პარასკევს გამოქვეყნდა ოფიციალურად ივნისის თვის მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, რომელმაც შეადგინა 18,7%, ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა.

ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში. აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ახლა უკვე ივნისში დაფიქსირდა 18,7%, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის. შესაბამისად, ექვსი თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,6 % და ექვს თვეში ჩვენ გვქონდა ასეთი უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკის. მინდა, ასევე აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რათა ახალი პროექტების დაფინანსებას ხელი შევუწყოთ. ამისთვის ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს შესაბამისად განახლებულ პაკეტს „აწარმოე საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.