ხელისუფლებას ნერვებმა უღალატა, გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სრულ ისტერიკაში – ხათუნა ლაგაზიძე

ხელისუფლებას ნერვებმა უღალატა, გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სრულ ისტერიკაში, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„წარმოუდგენელია, რომ იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს, სურვილის შემთხვევაშიც კი შეძლებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრა. იქ არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული წინა დღეების პროტესტისგან არ გვინახავს. ძირითადად იყო ხმაურის გამოწვევის მცდელობა და რაღაც მონაკვეთში, როდესაც დიდი მასა მივიდა ღობესთან ძიძგილაობა იყო.

ის, რასაც ცდილობს ხელისუფლება, რომ ინტერპრეტაცია მოგვაწოდოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოძახილი, რომ ხელისუფლებას იქ ნერვებმა უღალატა. გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სრულ ისტერიკაში. რისი მიღწევა უნდოდათ ამით, ჩემთვის გაუგებარია. სწორედ ასეთი ხელისუფლება არის ყოველთვის ყველა დროში და ყველა ქვეყანაში ყველაზე მეტად საშიში, როდესაც ისინი კედელთან მიყენებულად გრძნობენ თავს, სრულიად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, სამწუხაროდ, იყო ლოგიკური გაგრძელება „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად მცდარი და დამანგრეველი 8- წლიანი პოლიტიკის, რომელიც გამოიხატებოდა საკუთარი საზოგადოების ერთმანეთის მიმართ მტრულ ნაწილებად დაყოფაში. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რომ საზოგადოება დაყოს თავისიანებად და „ნაციონალებად“, ამითი შენარჩუნებულიყო ხელისუფლებაში, ის ცუდია მაგრამ მე იმაზე ნაკლებად ცუდი ვარ. ცუდსა და უარეს შორის გვაკეთებინებდა არჩევანს ამ 8 წლის განმავლობაში, ამის შედეგი და გამოძახილი იყო გუშინდელი დღე. პროცესების რადიკალიზაცია, რასაც ვხედავთ, თავიან ბოლომდე „ქართული ოცნების“ კისერზეა“,-განაცხადა ლაგაზიძემ.