2018 წელს ომბუდსმენის გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ 20% შესრულდა – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან დღემდე სრულად მხოლოდ 20 პროცენტია შესრულებული.

ლომჯარიას თქმით, ყველაზე მეტი რეკომენდაცია შსს-ს აქვს შესრულებული, ყველაზე ნაკლები ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად არ თანამშრომლობდა სახალხო დამცველის აპარატთან.

„2018 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში სახალხო დამცველმა გასცა 310 რეკომენდაცია, აღნიშნული რეკომენდაციებიდან 259 აქცია პარლამენტმა სავალდებულო დავალებად შესაბამისი უწყებების მიმართ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გაცემული რეკომენდაციების 20 პროცენტია შესრულებული, 19 პროცენტი ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო დაახლოებით 60 პროცენტი არის სრულად შეუსრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არ არის დამაკმაყოფილებელი”,- ამბობს ომბუდსმენი.

მისი განცხადებით, შსს-ს, შარშანდლის მსგავსად, ნახევარზე მეტი რეკომენდაციები შესრულებული აქვს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რაც შეეხებოდა მაგალითად, სამხრე კამერების დამატებას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას, პოლიციელთა მაქსიმალურად აღჭურვას ყველა დანაყოფში, ეს არის შეუსრულებელი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტრომ ომბუდსმენთან არ ითანამშრომლა და არ მიაწოდა არცერთი ინფორმაცია, არც ერთ წერილზე პასუხი არ გასცა. ლომჯარიას თქმით, ამის მიუხედავად, სხვა წყაროებით დაადგინეს, რომ დაახლოებით 10 რეკომენდაციაა ნაწილობრივ და სრულად შესრულებული 31 რეკომენდაციიდან, დანარჩენი არის სრულად შეუსრულებელი.

“ყველაზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ასევე ის გახლავთ უწყება, რომელმაც ყველაზე ნაკლები რეკომენდაცია შეასრულა. შეუსრულებელი რეკომენდაციების დიდი ნაწილი ეხება ფსიქიკური ჯანდაცვის, შშმ პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს. შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე ნაკლებად შეასრულა რეკომენდაციები,”- განაცხადა სახალხო დამცველმა.